20 სექტემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან ნიკოლოზ ანთიძესთან ერთად პოეზიის სახალხო დღესასწაულს „შოთაობას" დაესწრება, რომელიც ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობას სახალხო დღესასწაულს მიულოცავს და პრემიერის ინიციატივას, ვარძიის კომპლექსის გადარჩენის 4 წლიან პროექტს გააცნობს, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით ხორციელდება.
მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ვარძიის კომპლექსისათვის 570 000 ლარის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ 5 სექტემბერს მიიღო.
უნიკალური კლდეში ნაკვეთი კომპლექსის გადარჩენის 4 წლიანი პროექტის I ეტაპზე დაგეგმილია მულტიდისციპლინარული კვლევები და მთელი რიგი სამუშაოები.
პროექტის შედეგად: შემუშავდება ვარძიის კომპლექსის კლდის დაზიანებათა და ქვათაცვენის რისკების პირველადი რუკები; მოხდება საკონსერვაციოს საჭიროებების პირველადი შეფასება;
კონკრეტული გადარჩენითი ღონისძიებების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდება წყლის მასების ფერდობებზე ჩამოდინება და შესაბამისად მოხდება ქვათაცვენის რისკების შემცირება;
კონკრეტული რისკების მოხსნით (კლდის 2 ლოდის გამაგრება) აღმოიფხვრება კომპლექსის ფრაგმენტის განადგურების საშიშროება და უზრუნველყოფილი იქნება ვიზიტორებისა თუ მომსახურე პერსონალის უსაფრთხოება.
„შოთაობა"
11:00 სთ - თანამედროვე მუსიკის შემსრულებელი ბენდის ,,ნალი" და ფოლკლორული ანსამბლის „თამარისი" კონცერტი. ხალხური რეწვის ოსტატთა გამოფენა-გაყიდვა, სპორტული ღონისძიებები: მკლავჭიდი, ქართული ჭიდაობა და საჯილდაო ქვის აზიდვა.
14:00 სთ - დასკვნითი კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით; გაზეთ „ლიტერატურული მესხეთი"-ს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულთა გამოვლენა და დაჯილდოვება.
სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ სახალხო დღესასწაულისათვის საგაგებოდ მოწყობილ მესხურ ოდებში ასპინძის მუნიციპალიტეტში არსებული სოფლების სამზარეულოს, ტრადიციებსა და ადათ-წესებს.