აშშ-ის სენატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტმა ერთხმად დაამტკიცა „კანონი უკრაინაში თავისუფლების მხარდაჭერის შესახებ", - იტყობინება სენატის კომიტეტის პრეს-მდივანი. კანონის თანახმად, ნატოს არაწევრი სახელმწიფოები - უკრაინა, მოლდოვა და საქართველო აშშ-ის ძირითადი მოკავშირე ქვეყნების სტატუსს ღებულობენ. ამ ქვეყნებს რუსეთის პროპაგანდისათვის წინააღმდეგობის გასაწევად სამი ფინანსური წლის განმავლობაში 10 მილიონი დოლარი გამოეყოფათ, - წერს „რადიო სვობოდა/სვობოდნაია ევროპა".
კანონი ითვალისწინებს უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაწევას, აგრეთვე მკაცრი სანქციების დაწესებას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რომელმაც უკრაინასთან მიმართებით საერთაშორისო ნორმები დაარღვია. ამ იურიდიული დოკუმენტით კანონმდებლები მოუწოდებენ აშშ-ის პრეზიდენტს სანქციები დაუწესოს „როსობორონექსპორტს" (იარაღის ექსპორტის რუსული კომპანიას), რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უკრაინის, მოლდოვას, საქართველოს და სირიის დესტაბილიზაციაში, აგრეთვე იმ რუსულ კომპანიებს, რომლებიც ინვესტიციებს ახორციელებენ ქვეყნის გაზ- და ნავთობკომპანიების განვითარებაში. ეს ეხება „გაზპრომ"-საც, თუ აშშ-ის პრეზიდენტი ჩათვლის, რომ ეს კომპანია ამცირებს გაზის მიწოდებას ნატოს ქვეყნებში, უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში.
კანონი უფლებას აძლევს აშშ-ის პრეზიდენტს მიაწოდოს უკრაინას ისეთი სამხედრო დანიშნულების პროდუქცია, გაუწიოს ისეთი თავდაცვითი დახმარება, რომელიც მიმართული იქნება რუსეთის შემტევითი მოქმედების წინააღმდეგ, უკრაინის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის, მათ შორის: ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები, საბრძოლო იარაღი და ტყვია-წამალი, რადიოლოკატორები და სხვა. ამ მიზნით 2015 წლისათვის 350 მილიონი დოლარი იქნება გამოყოფილი.
მასალის გამოყენების პირობები