დღეს, 19 სექტემბერს, 11:00 საათზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმს მოინახულებენ. 2014 წელი ქართველი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის დიმიტრი ყიფიანის საიუბილეო წელია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტს განახორციელებს. სოფელ ქვიშხეთში მდებარე სახლი, სადაც საზოგადო მოღვაწემ მთელი ცხოვრება გაატარა, დღეს დანგრევის პირასაა.
პროცესის ორგანიზება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაევალა. პროექტი შემუშავდება პროფესიონალი არქიტექტორების მიერ, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით შენობის გადარჩენის ზუსტ გეგმას დასახავენ.
დიმიტრი ყიფიანი მე-19 საუკუნის საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა გახლდათ. მისმა მოღვაწეობამ და პუბლიკაციებმა ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას ჩაუყარა საფუძველი.