19 სექტემბერს, 10:00 საათზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია, დიდი ქართველი კომპოზიტორის ალექსი მაჭავარიანის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებასთან დაკავშირებით. პრესკონფერენციას გაუძღვებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი და კომპოზიტორი ვახტანგ მაჭავარიანი.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 20 სექტემბერს, 20:00 საათზე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ალექსი მაჭავარიანის საიუბილეო წლის დასკვნითი საზეიმო კონცერტი გაიმართება. კონცერტზე შესრულდება კომპოზიტორის მიერ შექმნილი ნაწარმოებები, ასევე შედგება რეჟისორ ნანა კიკნაძე-შადურის დოკუმენტური ფილმის პრემიერა, რომელიც მაჭავარიანის ცხოვრებასა და შემოქმედებით მოღვაწეობას ასახავს.
2014 წელი კომპოზიტორის საიუბილეო წელია. ამ თარიღის (100 წლისთავის) აღსანიშნავად საქართველოსა და უცხოეთში არაერთი მნიშვნელოვანი მუსიკალური ღონისძიება ჩატარდა. კონცერტები გაიმართა ანკარაში, ჰამბურგში, ბრიუსელში, ლონდონში, ლისაბონსა და სანქტ-პეტერბურგში.
საიუბილეო კონცერტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ტარდება. პროექტის ორგანიზატორია ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, ხელმძღვანელი მაია ხუროძე.