კახეთში ბოშათა გაერთიანება "რომა" დაფუძნდა. გაერთიანების ოფისი დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ლენინოვკაში განთავსდა, სადაც რეგიონის მასშტაბით ყველაზე მეტი ბოშა ოჯახი ცხოვრობს.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გაერთიანების ხელმძღვანელმა ვენერა იუნენკო - მარტყოფლიშვილმა განუცხადა, ორგანიზაცია ეთნიკურ უმცირესობათა ევროპილი ცენტრის დახმარებით შეიქმნა. ორგანიზაციის მიზნებია: ბოშათა უფლებების დაცვა, ბოშების განათლება და საზოგადოებაში ინტეგრაცია, ბოშების კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება.
„მინდა, რომ ბოშებმა წერა - კითხვა იცოდნენ და არ ეძახონ მათ „ფუი ციგნებიო". ჩვენი სოფლიდან 13 ბავშვი დედოფლისწყაროს სკოლაში დადის, დანარჩენებმა უარი თქვეს. სოფელში არც საბავშვო ბაღი გვაქვს, არც მაღაზია, არც ექიმი, ერთი სიტყვით, არაფერი არ გვაქვს", - აღნიშნავს ვენერა იუნენკო.
სოფელ ლენინოვკაში ბოშათა 18 ოჯახი თითქმის 40 წელია რაც ცხოვრობს. უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად, სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამაში მხოლოდ 4 ოჯახია ჩართული, დანარჩენებს დაბადების მოწმობები და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ აქვთ.