ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას ხვდება. დღეს მინისტრმა ბორჯომის რაიონში, ყოფილ სანატორიუმ "პლატო"-ში მცხოვრები დევნილები მოინახულა და მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა.
ყოფილ სანატორიუმში 184 დევნილი ოჯახი ცხოვრობს. აღნიშნული ობიექტის სრული რეაბილიტაცია მოხდა. შეიცვალა კარ-ფანჯრები, სველი წერტილები, ელექტროგაყვანილობა, ქარიშხლისაგან დაზიანებული შენობა მთლიანად გადაიხურა. დამონტაჟდა ელექტროენერგიის ინდივიდუალური მრიცხველები. აღნიშნული ფართები დევნილებს საკუთრებაში გადაეცემათ.
დევნილები აცხადებენ, რომ უწინ ბევრი პრობლემის წინაშე იდგნენ, რაც ახლა მოგვარებულია. ღვინჯილია მადონა აფხაზეთიდან დევნილი: "ადრე ძალიან ბევრი პრობლემა გვქონდა. კარ-ფანჯერი არ გვივარგოდა, კანალიზაცია და სველი წერტილები ავარიულ მდგომარეობაში იყო, არც ფართი გვყოფნიდა. კარგია რომ გვეხმარებიან. მინისტრმა გვითხრა, რომ რასაც შეძლებს კიდევ გაგვიკეთებს."
B
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა დევნილებთან საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნული ობიექტი მალე მათი საკუთრება გახდება: "ბორჯომის სანატორიუმი "პლატო" დევნილების საკუთრება იქნება. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, საერთო მრიცხველები _ მოხსნილია და ამჯერად დევნილები ინდივიდუალური მრიცხველებით სარგებლობენ. შესაბამისად მათ ელექტროენერგიის პრობლემა არ ექნებათ. მოწესრიგებულია კომუნიკაციები, გაკეთდა გადახურვა და ასე გავაგრძელებთ."