დღეს, 18 სექტემბერს, 12:00 საათზე, რუსთაველის თეატრის ვიპ დარბაზში, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი დაესწრება.
პრესკონფერენციას ასევე დაესწრებიან თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დირექტორი ეკა მაზმიშვილი,
კომპანიის „ღრუბლის კარიბჭე" ცეკვის თეატრის ხელმძღვანელი - ლინ ვაი-მინი, სახელმწიფო ანსამბლის „რუსთავი" სამხატვრო ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი, საქართველოს ბანკის მედიასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ხათუნა კაკაბაძე.
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომელიც კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 20 სექტემბერს გაიხსნება, კულტურის სხვა მნიშვნელოვან მოვლენებთან ერთად, შემოდგომის თბილისის ერთერთი მთავარი მოვლენაა. 2014 წელს ფესტივალს მნიშვნელოვანი ახალი გამოწვევა აქვს, "GEOღGIAN შHOჭჩAშE + NEჭ MAღKEთ" - წელს ქართული სპექტაკლების პროგრამას შავი ზღვისა და კავკასიის თეატრალური დასები დაემატება - 52 სპექტაკლითა და 54 საერთაშორისო სტუმრით.
5 წლის განმავლობაში საერთაშორისო პროგრამამ უმასპინძლა 77 კომპანიას სხვადასხვა ქვეყნიდან და 160 სპექტაკლს, როგორც თბილისიდან ასევე რეგიონებიდან. ქართული სპექტაკლების პროგრამას 250 საერთაშორისო სტუმარი დაესწრო.
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 20 სექტემბერს 20:00 საათზე რუსთაველის თეატრის სცენაზე სპექტაკლით „მოხეტიალეთა სიმღერები" გაიხსნება.
ანსამბლ „რუსთავის" ცოცხალი შესრულების თანხლებით „მოხეტიალეთა სიმღერები" გამაოგნებელი სანახაობაა, რომელიც აღწერს მომლოცველთა შთამბეჭდავ მოგზაურობას. სპექტაკლი გამორჩეულად „აზიურია", თუმცა იგი ცდება აზიის საზღვრებს. სპექტაკლში გამოყენებულია 3.5 ტონა ოქროსფერი მოციმციმე ბრინჯის მარცვალი და მიმდინარეობს ქართული ხალხური სიმღერის ფონზე. წარმოდგენას საფუძვლად უდევს აზიურ ქვეყნებში არსებული რელიგიური ღვთისმსახურების მდიდარი პრაქტიკა, აგრეთვე ჰერმან ჰესეს ნაწარმოები - „სიდჰარტჰა". უძველესი რელიგიური რიტუალები ამ სპექტაკლში თვალისმომჭრელ სანახაობად არის ქცეული. 90 წუთის განმავლობაში, სცენის კუთხეში გაუნძრევლად მდგარ მწირს გაპარსულ თავზე წვიმასავით ეყრება ბრინჯის მარცვლების მოციმციმე ნაკადი. ოქროსფერი ბრინჯის მარცვლები სცენაზე გარდაიქმნებიან ხან მდინარედ, ხან გორაკებად, ხან კი - უდაბნოდ. ბრინჯის ნაკადი კი ქმნის ზაფხულის წვიმის და ჩანჩქერის შთაბეჭდილებას. ამ ფონზე, დაძონძილ სამოსში გამოწყობილ მოცეკვავეებს, რომელთაც ხელში გრძელი ჯოხები უჭირავთ, მივყავართ მომლოცველთა მოგზაურობაში.
2011 წლიდან სპექტაკლი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში წარმოდგენილი იქნა ანსამბლ „რუსთავის" ცოცხალი შესრულების თანხლებით.