დღეს, 18 სექტემბერს, 18:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში გიორგი (გოგი) როინიშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.
გოგი როინაშვილმა 1946 დაამთავრა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემია. იგი ჟურნალ ,,დილას" სამხატვრო რედაქტორი და საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის დამსახურებული მხატვარი იყო. მას მონაწილეობა მიუღია არაერთ გამოფენაში. გოგი როინიშვილი გახლდათ ცნობილი მხატვრის, ფერმწერის და გრაფიკოსის, პირველი ქართველი ფოტოგრაფის, ალექსანდრე როინიშვილის შვილიშვილი.
გოგი როინიშვილის მრავალმხრივი შემოქმედებითი მემკვიდრეობა ფერწერული და გრაფიკული დაზგური ნამუშევრების გარდა, მოიცავს მის მიერ დასურათებულ წიგნებს: ,,სამანიშვილის დედინაცვალი", ,,დარისპანის გასაჭირი", ,,ეგნატე ნინოშვილი", ,,ჯანყი გურიაში", ,,ქაოსი" და სხვა. მუშაობდა პეიზაჟის, პორტრეტის ჟანრში, ქმნიდა თემატურ და აბსტრაქტულ ტილოებს, სატირულ ნახატებს, აფორმებდა ასევე სპექტაკლებსა და ფილმებს. ნებისმიერი მისი პერსონაჟი გამოირჩეოდა სახასიათო ნიშნებით.
მასალის გამოყენების პირობები