18 სექტემბერს, 15:00 საათზე - ბარათაშვილის სახლმუზეუმში გაიმართება პრეზენტაცია პროფესორ ანზორ თოთაძის წიგნისა „თბილისის მოსახლეობა", რომელიც თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით გამოიცა.
ნაშრომში განხილულია თბილისის მოსახლეობის საკითხები უძველესი დროიდან დღემდე. ამ მიზნით გაანალიზებულია სტატისტიკურ-დემოგრაფიული მონაცემები, როგორც ქართული, ისე უცხოური ლიტერატურა, განხილულია 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატი და მისი დემოგრაფიული შედეგი.
ნაშრომში დიდი ყურადღება ეთმობა თბილისის მოსახლეობის რაოდენობის, ეროვნული შემადგენლობისა და ბუნებრივი მოძრაობის საკითხებს. სათანადო მეცნიერული აპარატის მოშველიებით გამოთქმულია მოსაზრება, რომ თბილისში 1226 წელს ცხოვრობდა არა 100 000 -მდე, არამედ 150 000-მდე კაცი.
ნაშრომი განკუთვნილია თბილისის დემოგრაფიული პრობლემებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.