ნაცმოძრაობა" კახეთში ათი თვის გარდაცვლილი ბარბარე რაფალიანცის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს. აღნიშნული საკითხი ,,ნაცმოძრაობის" წევრმა სერგო რატიანმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დააყენა.
მისი განცხადებით, 2012 წლის 30 სექტემბერს 9 თვის ჩვილის, ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ბევრი კითხვა და სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ამიტომ, საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, უმცირესობის ფრაქციები აღნიშნული ფაქტის შესწავლისთვის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ბიუროს სხდომაზე საკითხის დასმა კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდა, შესაბამისად, იგი აისახება დღის წესრიგში და კომისიის შექმნის შესახებ თუ როდის იქნება შესაძლებელი მსჯელობა, ამაზე გადაწყვეტილებას პლენარული სხდომა მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ,,თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" წარმომადგენელი, ადვოკატი რომეო საჯაიამ გუშინ ათი თვის ბარბარე რაფალიანცის მკვლელობასთან დაკავშირებით ვიდეო გაავრცელა.
ვიდეოში ასახულია ,,ქართული ოცნების" ადვოკატის ლალი ბიწოშვილის აღიარებით ჩვენებას, რომელიც 2014 წლის 6 თებერვალსაა ჩაწერილი.
ადვოკატი ათი თვის ბარბარე რაფალიანცის მკვლელობაში ,,ქართულ ოცნებას" ადანაშაულებს.
მისივე განმარტებით, აღნიშნულის ერთ-ერთი ორგანიზატორი ამჟამინდელი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მანანა ბერიკაშვილი.
ბიწოშვილის თქმით, მას ბარბარე რაფალიანცის ოჯახი უნდა დაერწმუნებინა, რომ მათი ადვოკატი იქნებოდა.
,,მე ამ სიმართლეს ვამბობ ახლა, ვამბობ მთელი კატეგორიულობით და ვაცხადებ, რომ ეს არის ,,ქართული ოცნების" გაკეთებული, ეს არის მანანა ბერიკაშვილის გაკეთებული. მიუხედავად იმისა, რომ ,,ქართული ოცნება" იძახოდა, რომ ეს იყო ,,ნაციონალური მოძრაობის" გაკეთებული გამოდით ნაციონალებო, ღვინიაშვილო მოხსენი კანდიდატურა. კახეთში ,,ნაციონალებმა" მიუხედავად ამისა არჩევნები მაინც მოიგეს. დარწმუნებული ვარ, არჩევნებში ,,ქართული ოცნების" გამარჯვებაში იმოქმედა იმან, რომ ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა ,,ნაციონალებს" დაბრალდა", _აცხადებს ბიწოშვილი.
ამასთან აღნიშნული დანაშაულის დაფარვას ხელს უწყობდნენ ამჟამინდელი შსს გენ-ინსპექციის უფროსი ვარლამ ხათრიძე) და გენ-ინსპექციის ყოფილი უფროსი ზვიად ჯანყარაშვილი (თამაზ თამაზაშვილის დისშვილი).
10 თვის ბარბარე რაფალიანცი 2012 წლის 30 სექტემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, საძინებელი ოთახის გვერდით მდებარე მარანში, წყლით სავსე ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს. ქვევრს ზემოდან ქვა ჰქონდა დაფარებული. გოგონას დეიდამ დალი მექერიშვილმა, რომელიც საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების" წარმომადგენელი იყო, ბავშვის მკვლელობა არჩევნებს დაუკავშირა, „ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა კი დანაშაულის ორგანიზებაში ყოფილი გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი დაადანაშაულეს, რომელიც 1 ოქტომბრის არჩევნებისთვის გურჯაანში კენჭს „ნაციონალური მოძრაობიდან" იყრიდა.