17 სექტემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმში მხატვარ კერამიკოსის, ვაჟა მოსულიშვილის (1961-1985) ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.
ვაჟა მოსულიშვილი დაიბადა სიღნაღის რაიონის ქ. წნორში. სწავლობდა მოსე თოიძის სახელობის პროფტექნიკურ სასწავლებელში. 1984 წლის 6 ივნისს ვაჟა მოსულიშვილს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული სახალხო ოსტატის წოდება.
ხანმოკლე სიცოცხლის მიუხედავად მან 100-ზე მეტი ნამუშევარი შექმნა და ამით უკვდავყო თავისი სახელი. ავტორის შემოქმედების ძირითადი განმსაზღვრელი თიხა იყო. ვაჟა მოსულიშვილმა შეძლო ზღაპრული და მითოლოგიური პერსონაჟების, ფანტასტიკური ცხოველების თუ გმირის შინაგანი სულიერი სამყაროს წარმოჩენით ახალი, ორიგინალური სიტყვა ეთქვა ქართულ კერამიკაში.
სიღნაღის მუზეუმში მისულ სტუმრებს საშუალება მიეცემათ, ნათლად აღიქვან თიხის დეკორატიულობა, პლასტიკურობა, პერსონაჟების ფსიქოლოგიური ასპექტები, სტილი და ფორმები, რაც ასე მნიშვნელოვანია ქართულ კერამიკაში.
ვაჟა მოსულიშვილის ნამუშევრების გამოფენა 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები