12 სექტემბერს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი დაესწრო პროექტის „უძველესი ქართული მოჭედილი ძეგლების დიაგნოსტიკა (XI-XIII საუკუნეების ქართული ხელნაწერები)" პრეზენტაციას. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე, იტალიის საელჩოს წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები. პრეზენტაციას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბუბა კუდავა გაუძღვა.
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ უნიკალურ ძეგლებთან ერთად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს XI-XIII საუკუნეების ქართულ ხელნაწერებს. მათ შორის აღსანიშნავია ტბეთის, წყაროსთავისა და ბერთის სახარებები, რომელთა ყდები მოჭედილია ბექა და ბეშქენ ოპიზრების მიერ.
2012 წელს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებულმა გეგმიურმა მონიტორინგმა გამოავლინა ხარვეზები, რამაც დღის წესრიგში დააყენა ჭედური ყდების რესტავრაციის საკითხი. აქედან გამომდინარე, მომზადდა პროექტი „უძველესი ქართული მოჭედილი ძეგლების დიაგნოსტიკა (XI-XIII საუკუნეების ქართული ხელნაწერები)", რომელიც ითვალისწინებს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული XI-XIII საუკუნეების მოჭედილყდიანი ხელნაწერების ყდების დეტალურ შესწავლას, დიაგნოსტიკას და კონსერვაციის მეთოდის განსაზღვრას მათი შემდგომი კონსერვაციის, დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით.
კვლევითი პროცესი, რომელიც 6 თვეს გასტანს, წარიმართება იტალიელი რესტავრატორისა და ქართველი გემოლოგის მონაწილეობით. შედეგად მოხდება დაზიანებების კომპეტენტური შეფასება და განისაზღვრება დაზიანებული ჭედური ყდების კონსერვაციის მეთოდოლოგია. პროექტის შესახებ მომზადდება ორენოვანი ალბომი.
პროექტი ხორციელდება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დაფინანსებით.