19 სექტემბერს, კინოთეატრ "ამირანში" მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმის "ვინ მოკლა ილია?!..." პრეზენტაცია გაიმართება.
მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივმა, უწყების სხვა სტრუქტურული დანაყოფების დახმარებით გადაიღო. ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორი შსს-ს არქივის თანამშრომელი მიხეილ ბერინაშვილია,
მხატვრულ-დოკუმენტური ფილმში "ვინ მოკლა ილია" მონაწილეობბენ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრის მსახიობები: კოტე თოლორდავა( ილია), პაატა მხეიძე( ბერბიჭაშვილი), შალვა ანთელავა, ვასილ ამურველაშვილი, ბესო მეგრელიშვილი და სხვა. ფილმი დაახლოებით ორ საათს გრძელდება.
ფილმი ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმისა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტების მიხედვით გადაიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულია მრავალი საინტერესო და საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის ილია ჭავჭავაძის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე, რომელიც 11 ტომს მოიცავს. საარქივო ფონდების დამუშავების პროცესში აღმოჩენილი იქნა ჭავჭავაძის მკვლელობასთან დაკავშირებული საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი დოკუმენტები. ამ დოკუმენტების მიხედვით სრულიად იცვლება მკვლელობის არსებული ვერსიები.
ისტორიკოსების, მკვლევარების და თანამედროვე ექსპერტების მიერ შეფასდა თითოეული დეტალი, კერძოდ, თავიდან მოხდა სამედიცინო ექსპერტიზის იმდროინდელი დასკვნის განხილვა და ასევე ჩატარდა საარქივო ფოტომასალის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზაც.
ფილმის გადაღება თბილისსა და მის შემოგარენში მიმდინარეობდა.