თბილისის მერის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე ლიტერატურული ფესტივალის „ლიტ-ტური" გახსნას დაესწრო.
ალუდა გოგლიჩიძემ თბილისის მთავრობის სახელით, მადლობა გადაუხადა ფესტივალის ორგანიზატორებს და განაცხადა, რომ ამგვარი ფესტივალები თანამედროვე მსოფლიოში ლიტერატურული და, ზოგადად, კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მისი თქმით, საქართველო ამ პროცესის თანასწორუფლებიანი და ღირსეული კონტრიბუტორი უნდა იყოს.
„თბილისის მერიამ აქტიურად დაუჭირა მხარი ფესტივალის ჩატარებას. ჩვენი გადაწყვეტილებაა, მომავალშიც ხელი შეგიწყოთ, რათა «თბილისის ლიტერატურული ფესტივალი» ტრადიციად იქცეს საერთაშორისო ლიტერატურულ და კულტურულ ცხოვრებაში. გვჯერა, საქართველოში მოღვაწე ლიტერატორებს და დედაქალაქის კულტურულ საზოგადოებას, აქვს პოტენციალი, რათა ეს მისია აღასრულოს და ქვეყანა ღირსეულად წარმოაჩინოს მსოფლიო ლიტერატურულ ასპარეზზე," - განაცხადა ალუდა გოგლიჩიძემ მისასალმებელ სიტყვაში.
მისივე თქმით, თბილისის მერია კვლავაც მჭიდროდ ითანამშრომლებს საქართველოს კულტურის სამინისტროსთან, „ქართული კულტურის განვითარების ცენტრთან" და სხვა ორგანიზატორებთან, უფრო მეტი და მნიშვნელოვანი სტუმრის მოსაზიდად, რათა საქართველოს დედაქალაქი მკაფიოდ ჩანდეს ევროპის „ლიტერატურულ რუკაზე".
ლიტერატურის ფესტივალი "ლიტ-ტური" თბილისში 11 სექტემბერს გაიხსნა და 13 სექტემბრამდე გასტანს.