11 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და მინისტრის მოადგილემ კახა კანდელაკმა ცნობილ ქართველ ვარსკვლავს ქეთი მელუას უმასპინძლეს.
შეხვედრაზე მხარეებმა განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ვარძიის გადარჩენის პროექტსაც - როგორც ცნობილია, ქეთი მელუა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის - ვარძიის ფრესკების გადარჩენის პროექტის აქტიური მხარდამჭერია. მინისტრის თქმით, მსგავს მასშტაბურ პროექტებში ხელოვანი ადამიანების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია: „დღევანდელი შეხვედრა მეგობრულ ხასიათს ატარებდა, დიდი სიამოვნებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ რამდენიმე ერთობლივი პროექტი გვაქვს განხორციელებული საქართველოში. ცხადია, არ შეიძლებოდა, რომ ვარძიის კომპლექსის რეაბილიტაციაზე არ ყოფილიყო საუბარი. თქვენ იცით, რომ ის ძალიან აქტიურად არის ჩართული, გულშემატკივრობს და კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით. სულ ახლახან, რამდენიმე დღის წინ ვარძიის გადარჩენისათვის სარებილიტაციო ფონდიდან დამატებითი სახსრები გამოიყო, პრემიერის ინიციატივა იყო მიმართული იმისკენ, რომ სასწრაფოდ ჩატარებულიყო პირველადი სამუშაოები, კონკრეტულად ქვათაცვენის შესაჩერებელად - ცხადია, ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ."
მასალის გამოყენების პირობები