საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი - MoMA, ბერკლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი და წყნარი ოკეანის კინოარქივი 23 სექტემბრიდან ქართული ფილმების მასშტაბურ რეტროსპექტივას უმასპინძლებს. ამ თემასთან დაკავშირებით, 11 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე, რეჟისორები ელდარ შენგელაია და ლანა ღოღობერიძე გაუძღვნენ.
აშშ-ში გამართული მასშტაბური რეტროსპექტივის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება 45-მდე ქართული ფილმი - როგორც საუკუნოვანი ქართული უხმო კინო და საბჭოთა პერიოდის კინოკლასიკა, ისე ახალი ქართული ფილმები.
„საუკუნის პროექტზე" მუშაობა თითქმის 25 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქართული ფილმების მსგავსი მასშტაბური რეტროსპექტივა მხოლოდ მე-20 საუკუნის 80-იან წლებში პარიზში, პომპიდუს ცენტრში გაიმართა.
ნიუ-იორკისა და ბერკლის შემდეგ, 50-მდე ქართული ფილმის ჩვენება ვაშინგტონსა და ტორონტოს სინემათეკში შედგება.
ქართული კინოს დღეების ორგანიზატორები არიან - ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი MoMA, ბერკლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი და წყნარი ოკეანის კინოარქივი.
რეტროსპექტივის მხარდამჭერები საქართველოდან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო; საქართველოს საელჩო აშშ-ში; საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.