რუსეთის პრეზიდენტმა და უმაღლესმა მათავარსარდალმა ვლადიმერ პუტინმა, გასცა განკარგულება, თავდაცვის სამინისტროს აღმოსავლეთის სამხედრო დაჯგუფების სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის შესახებ. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა.
პუტინის განკარგულების საფუძველზე, შოიგუმ დაავალა შესაბამის დანაყოფებს აღმოსავლეთის საჯარისო ნაწილებისა და შენაერთების „სრული" საბრძოლო მზადყოფნა.
მინისტრის ბრძანებით, ჯარები უნდა გავიდნენ საბრძოლო პოლიგინზე, დასახული ამოცანების შესასრულებლად - საკონტროლო და ტაქტიკური სწავლებებისთვის.
შოიგუმ ხელქვეითებისგან მოითხოვა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს აღმოსავლეთის ჯარების გადაადგილებებს დიდ მანძილზე, მატერიალურ-ტექნიკურ და სამედიცინო უზრუნველყოფას.
შოიგუს განცხადებით, მას პრეზიდენტმა პუტინმა დაავალა, რომ აღმოსავლეთის ჯარების მოულოდნელი შემოწმებისა და სრულ მზადყოფნაში მოყვანის ფარგლებში სპეციალური პროგრამების მთავარ სამმართველოსთან ერთად უზრუნველყოს ფედერალური აღმასრულებელი ორგანოების მზადყოფნის შემოწმება საომარ პირობებში შესაბამისი დავალებების შესასრულებლად.
შემოწმებას დაექვემდებარებიან: სამრეწველო ვაჭრობის სამინისტრო, ტრანსპორტის სამინისტრო, როსპეჩატი, როსსვიაზი, როსავიაცია, რუსეთის საავტომობილი საგზაო უწყება, რუსეთის რკინიგზა და სხვა უწყებები და მათ დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურები. ასევე აღმოსავლეთის ადმინისტრაციული ერთეულები.
შემოწმების პერიოდი 11-18 სექტემბერს მოიცავს.