თუ რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთი გაიმარჯვებს, უკრაინა არასოდეს არ იქნება დამოუკიდებელი, ხოლო მონობა უფრო მძიმე გახდება, ვიდრე ეს რუსული იმპერიის შემადგენლობაში ოდესმე ყოფილა. თუ უკრაინა გაიმარჯვებს, მჯერა, რომ ჩვენ საბოლოოდ გავხდებით დამოუკიდებელი და თვითკმარი სახელმწიფო. მოვა დრო და ისეთ სიტუაციაში, როგორშიც დღეს ჩვენ და გუშინ საქართველო იყო, თვითონ რუსეთის ფედერაცია აღმოჩნდება", - ასე განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე სიჩმა კიევში,, ქართველი მწერლის ბასა ჯანიკაშვილის წიგნის პრეზენტაციის დროს („ომობანას თამაში", თარგმანი უკრაინულ ენაზე).
უკრაინელმა მაღალჩინოსანმა ავტორს წიგნის პირველი უკრაინული თარგმანი მიულოცა და მადლობა გადაუხადა ქართულ-ეკრაინული ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის.
ვიცე-პრემიერის თქმით, თუ საერთაშორისო საზოგადოება რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან და უკრაინული გამოცდილებიდან დასკვნებს არ გააკეთებს, სულ მალე თანამედროვე ტექნოლოგიებით წარმოებული ჰიბრიდული ომების მსხვერპლი გახდებიან ჩეხეთი, სლოვაკეთი, ფინეთი და საფრანგეთიც კი, ანუ ის ქვეყნები, რომლებსაც რუსი აგრესორების მიმართ დღეს დაწესებულ სანქციებზე სპეციფიკური პოზიცია გააჩნიათ.
„ჩვენ უნდა შევისწავლოთ მოძმე საქართველოს ისტორიული გამოცდილება რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში და ის თანამედროვე უკრაინულ რეალობაში გამოვიყენოთ: ამაში ეს წიგნიც დაგვეხმარება", - განაცხადა ალექსანდრე სიჩმა.