საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი - MoMA 23 სექტემბრიდან ქართული ფილმების მასშტაბურ რეტროსპექტივას უმასპინძლებს. ამ თემასთან დაკავშირებით, 11 სექტემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე გაუძღვებიან.
ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში წარმოდგენილი იქნება 45-მდე ქართული ფილმი - როგორც საუკუნოვანი ქართული უხმო კინო და საბჭოთა პერიოდის კინოკლასიკა, ისე თანამედროვე ქართული ფილმები.
„საუკუნის პროექტზე" მუშაობა თითქმის 25 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქართული ფილმების მსგავსი მასშტაბური რეტროსპექტივა მხოლოდ მე-20 საუკუნის 80-იან წლებში პარიზში, პომპიდუს ცენტრში გაიმართა.
MoMA-ს პარალელურად 50-მდე ქართული ფილმის ჩვენება შედგება ვაშინგტონსა და ბერკლიში.
ქართული კინოს დღეების ორგანიზატორები არიან - ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი MoMA, კალიფორნიის უნივერსიტეტი - ბერკლი, Pacific Film Archive;
რეტროსპექტივის მხარდამჭერები საქართველოდან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო; საქართველოს საელჩო აშშ-ში; საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
მასალის გამოყენების პირობები