საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როიტერი" საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს. „როიტერის" ჟურნალისტი თბილისის ისტორიულ უბნებს, უძველეს არქიტექტურას, ეკლესიებს, ქართულ სამზარეულოს, დავით გარეჯის მონასტერს და სტეფანწმინდას აღწერს.
„ისტორია, რომელიც საუკუნეებს და ცივილიზაციებს ითვლის, მწვანე მთების კალთებზე მდებარე ეკლესიები, იაფი საკვები და ღვინო. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, იმ კონტრასტების რაც კავკასიის პატარა სახელმწიფოს, საქართველოს ასახავს. რუსეთს, თურქეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მდებარე საქართველო მრავალწლიანი კონფლიქტებიდან ტურისტული დანიშნულების ქვეყნად იქცა.
სპარსელების, არაბების, მონღოლების და საბჭოთა კავშირის მმართველობისას საქართველოს მრავალი ბრძოლის გადატანა მოუწია. ამის შემდეგ 1991 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რასაც სამოქალაქო ომი და ეკონომიკური სიდუხჭირე მოჰყვა. შემდეგ იყო საპროტესტო აქციები ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ, ვარდების რევოლუცია და 2008 წლის ომი რუსეთთან.
დღეს საქართველო მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტებს იზიდავს. შავი ზღვის სანაპირო განსაკუთრებით პოპულარულია სომეხი და აზერბაიჯანელი ვიზიტორებისათვის. სამთო კურორტებს კი უფრო ხშირად ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მოქალაქეები და ევროპელი ტურისტები სტუმრობენ.
საქართველოს მოსახლეობა 4,5 მილიონია, რომელმაც საკუთარი იდენტობა შეინარჩუნა. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ავტონომიურია, გამორჩეულია ქართული ენა და დამწერლობა. აღსანიშნავია, რომ ქართული ენა არც თურქული, სლავური და არც ინდო-ევროპულია, თუმცა თურქულად და სპარსულად მოსაუბრენი ქართულ ენაში მრავალ ნაცნობ სიტყვას აღმოაჩენენ.
საქართველოს დედაქალაქ თბილისში მოსახლეობის თითქმის მეოთხედი ცხოვრობს. აეროპორტიდან, ჯორჯ ბუშის ქუჩის გზატკეცილის გავლით ქალაქამდე 20 წუთის სავალია. გზატკეცილს აშშ-ს პრეზიდენტის სახელი პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერის გამო დაერქვა. მოგზაურობა ქალაქში ფეხით სასურველია, თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ტაქსი იაფია. ქვით მოკირწყლული ქუჩები, კრამიტის სახურავები და აივნები ძველი თბილისის მელანქოლიური ხიბლია. რუსთაველის გამზირი კი პარიზის ერთ-ერთ ბულვარს მოგაგონებს.
თბილისი 1795 წელს სპარსეთმა მთლიანად გაანადგურა. სახელი თბილისი გოგირდის ცხელწყლებს უკავშირდება, აქვე არის გოგირდის თანამედროვე აბანოებიც.
მდინარე მტკვრის აღმოსავლეთით, მე-4 საუკუნეში აგებული ნარიყალას ციხე-სიმაგრე მდებარეობს. ოდესაღაც ის სპარასელების იყო, ახლა კი აქედან ძველი თბილისის საუკეთესო ხედები იშლება. იქვე ახლოს არის ქართლის დედის ქანდაკება...
...ერთდღიანი მოგაზურობისისათვის საუკეთესო ვარიანტია დავით გარეჯას სამონასტრო კომლექსის დათვალიერება, რომელიც აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარეობს. მონასტრიდან ფეხით ერთი საათის სავალზე გამოქვაბულებში 1000 წლოვან ფრესკებს იხილავთ, მოგზაურებს მთიანი რელიეფის გადალახვა მოუწევთ, სადაც მშრალი კლიმატია და გზად ქვეწარმავლებსა და თუთის ხეებს შეხვდებით.
რუსეთის მიერ აშენებული საქართველოს სამხედრო გზაზე მთის შესანიშნავი ხედი იშლება. ჟინვალის წყალსაცავთან ახლოს მოგზაურები მე-17 საუკუნეში აგებულ ანანურის ციხესიმაგრეს იხილავენ, აქვე სუფთა ჰაერზე შესაძლებელია დაბანაკება და კარვების გაშლა.
სამსაათიანი ზღაპრული პეიზაჟების დათვალიერების შემდეგ ყაზბეგი, ანუ სტეფანწმინდა იწყება, იქვე მთისწვერზე მე-14 საუკუნეში აგებული ეკლესია, წმინდა სამება დგას. ყაზბეგის მონახულება უმჯობესია ზაფხულის თვეებში, ზამთარში ეს რეგიონი სამთოსპორტის მოყვარულებით ივსება. ამ მხარეში უმუშევრობის მაღალი დონეა, თუმცა ტურიზმმა რეგიონის ეკონომიკა გაზარდა. სტეფანწმინდაში ბევრი საოჯახო სასტუმრო ფუნქციონირებს. ასევე არის მდიდრული სასტუმრო Rooms Hotel სამორინეთი."