10 სექტემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე საქართველოს ხელოვნების სასახლეს (თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს) ეწვევა.
მინისტრი დაესწრება პროექტის „მეფე ერეკლე ინგლისურ პრესაში" პრეზენტაციას, რომლის ფარგლებშიც მიმდინარე წლის აგვისტოში ირლანდიის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ხელოვნების სასახლეს დღემდე უცნობი უნიკალური დოკუმენტების დიდი კოლექცია გადასცა. კოლექცია მოიცავს 1649-1798 წლებში ინგლისურ პრესაში დაბეჭდილ ცნობებს საქართველოსა და მეფე ერეკლეს შესახებ. 500-ზე მეტი ბეჭდური ასლი ქართული ისტორიოგრაფიისათვის მნიშვნელოვან ცნობებს აერთიანებს, პერიოდულ პრესაში აღწერილია მეფე ერეკლეს რამდენიმე გმირული ბრძოლა, განსაკუთრებით ხაზგასმულია მისი ავტორიტეტი იმდროინდელ მსოფლიოში და ა.შ. დოკუმენტების კოლექცია ასევე მოიცავს ცნობებს XVIII - XIX საუკუნეების საქართველოს შესახებ. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია უცნობი წყაროების თარგმნა ქართულ ენაზე და მისი სამეცნიერო მიმოქცევაში შემოტანა.
მინისტრი მუზეუმის საგამოფენო დარბაზებთან ერთად დაათვალიერებს სიძველეთსაცავის უნიკალურ ფონდებს, იშვიათ ხელნაწერებს, რარიტეტულ გამოცემებსა და ძვირფას ტილოებს, მათ შორის ფიროსმანის, ლადო გუდიაშვილისა და ელენე ახვლედიანის შედევრებს.
მასალის გამოყენების პირობები