ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ჯავახეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან მოწოდებული სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაციას ასაჯაროვებს. კერძოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ 2013 წელს გაწეული სხვადასხვა სახის ფინანსური ხარჯები, მათ ბალანსზე რიცხული და ჩანაცვლებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები, 2013 წლის აუდიტორული შემოწმების (შიდა, გარე, სახელმწიფო და არასახელმწიფო) აქტები და ამ შემოწმებით გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად გატარებული ღონისძიებები, გამგებლების, საკრებულოს თავჯდომარეებისა და მათი მოადგილეების უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები, სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებული ელექტრონული კორესპონდენცია და ა. შ.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2013 წელს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გაცემულია 146 155 ლარის ოდენობის პრემია. აღნიშნული თანხიდან გამგებელსა და მის მოადგილეებს სულ მიღებული აქვთ 15 150 ლარი, ხოლო გამგეობის თანამშრომლებს - 131 005 ლარი. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 14 წევრზე გასულ წელს პრემიის სახით სულ გაიცა 54 225 ლარი, საკრებულოს თანამშრომლებზე კი - სულ 63 075 ლარი.
IDFI-ის ცნობით, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის წარმომადგენლობითმა ხარჯებმა შეადგინეს ჯამში 12 162.85 ლარი, აქედან ყველაზე დიდი თანხა - 3 600 ლარი - დაიხარჯა ააიპ ადიგენის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების 300 აღსაზრდელისათვის საახალწლო ტკბილეულის შეძენაზე.
2013 წელს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ განახორციელა 12 გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შესყიდვა, რისთვისაც ჯამში 35 364 ლარის დაიხარჯა.ადიგენის მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება 23 ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელთა საერთო ნარჩენი ღირებულება გამგეობის მონაცემებით შეადგენს 89 782 ლარს.
2014 წლის მარტის მონაცემებით საკრებულოს თავმჯდომარის მფლობელობაში იყო 2013 წელს 24 499 ლარად შესყიდული ავტომობილი „Hyundai Santafe", ხოლო მუნიციპალიტეტის გამგებლის მფლობელობაში - 2010 წელს 38 241 ლარად შეძენილი ავტომობილი „Mitsubishi Pajero".