საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ეწვია და გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა სააგენტოს თანამშრომლებთან. მინისტრს უმასპინძლა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ.
შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მიმდინარე მასშტაბურ პროექტებს, მათ შორის ვარძიის კომპლექსის გადარჩენის 4 წლიან პროექტს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობით ხორციელდება.
ვარძიის კომპლექსისათვის, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 570 000 ლარის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება, საქართველოს მთავრობამ 5 სექტემბერს მიიღო.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით დაიწყო უნიკალური კლდეში ნაკვეთი კომპლექსის გადარჩენის 4 წლიანი პროექტი, რომლის I ეტაპზე დაგეგმილია მულტიდისციპლინარული კვლევები და მთელი რიგი სამუშაოები.
პროექტის შედეგად: შემუშავდება ვარძიის კომპლექსის კლდის დაზიანებათა და ქვათაცვენის რისკების პირველადი რუკები; მოხდება საკონსერვაციოს საჭიროებების პირველადი შეფასება;
კონკრეტული გადარჩენითი ღონისძიებების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდება წყლის მასების ფერდობებზე ჩამოდინება და შესაბამისად მოხდება ქვათაცვენის რისკების შემცირება;
კონკრეტული რისკების მოხსნით (კლდის 2 ლოდის გამაგრება) აღმოიფხვრება კომპლექსის ფრაგმენტის განადგურების საშიშროება და უზრუნველყოფილი იქნება ვიზიტორებისა თუ მომსახურე პერსონალის უსაფრთხოება;
კვლევით სამუშაოებს ხელმძღვანელობას და კოორდინირებას გაუწევს პროფესორი კლაუდიო მარგოტინი, იტალიის გეოლოგიური კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, იუნესკოს კონსულტანტი, იაპონიის კოიოტოს უნივერსიტეტის მეწყერების საერთაშორისო კონსორციუმის ვიცე-პრეზიდენტი; მისივე კოორდინირებით მოხდება დარგობრივი საერთაშორისო ექსპერტების მოწვევა - შემდეგი სამუშაოებისათვის:
• ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის ქვათაცვენის რისკების პირველადი რუკის შედგენა;
• ვარძიის კლდის ცაკლეული (შერჩეული) უბნების გადარჩენითი გადაუდებელი ჩარევების განხორცილების მეთოდოლოგიური კონსულტაციები და ქართველ სპეციალისტებთან ერთად შესაბამისი ფიზიკური სამუშაოების განხორციელება (კლდის 2 ლოდის გადაუდებებლი კონსოლიდაცია);
• ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალში დაინსტალირებული ინტეფერომეტრიული რადარის მონაცემების დამუშავებისათვის კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ქართველი სპეციალისტებისათვის სატრეინინგო კურსის განხორციელება;
• ქართველი სპეციალისტებისათვის კლდის გამაგრების საერთაშორისოდ დანერგილი მეთოდოლოგიის სატრეინინგო კურსის განხორცილება;
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ვარძიის ინფრასტრუქტურის მოწყობა და კომპლექსის დაზიანებული წყალამრიდი არხებისა თუ დამცავი კედლების რეაბილიტაცია.
ვარძიის კლდეში ნაკვეთ კომპლექსზე ვიზიტორების უსაფრთხოების დასაცავად, ასევე ძეგლის მთლიანობის შეანარჩუნებლად მოხდება შესაბამისი ინფრასტრუქტურის, მათ შორის: სავალი ბილიკების, კარიბჭის, ღობეების, მოაჯირების, კიბეებისა და კომპლექსის განათების მოწესრიგება;
სამუშაოებში აქტიურად ჩაერთვებიან ქართველი ახალგაზრდა სპეციალისტები, რაც ხელს შეუწყობს მათი კვალიფიკაციის ამაღლებას.