სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი ირაკლი კობიძე დღეს ხელვაჩაურის მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში სამინისტროს წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოქალაქეებს იმ უფასო სამართლებრივი მომსახურებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რასაც იურიდიული დახმარების სამსახური მთელი საქართველოს მასშტაბით სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს უწევს.
კალმახელიძემ საზოგადოებას სამინისტროს სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო, ხოლო კობიძემ და იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს იურისტებმა მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხეს.
მოქალაქეებს სხვადასხვა სამართლებრივ თემაზე მომზადებული საინფორმაციო მასალაც დაურიგდათ.
შეგახსენებთ, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიურო ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ქედისა და ხულოს რაიონების მოსახლეობას 2007 წლის ნოემბრიდან ემსახურება. ბიურო სოციალურად მოქალაქეებს სისხლის სამართლის საქმეებზე უფასო საადვოკატო მომსახურებით უზრუნველყოფს და იურიდიული დოკუმენტების შედგენაში ეხმარება. ასევე მოსახლეობას სამართლის ნებისმიერ დარგში უფასო კონსულტაციებით სარგებლობა შეუძლია.
მასალის გამოყენების პირობები