საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში პროექტების წარდგენის, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი გამარტივდა და მოწესრიგდა.
ამ თემასთან დაკავშირებით დღეს, 8 სექტემბერს, 14:00 საათზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ბრიფინგს გამართავს.
ცვლილებების თანახმად გაიწერა პროექტების დაფინანსების ვადები და პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდა. პროექტის განაცხადი დაფინანსების მოპოვებამდე რამდენიმე ეტაპს გადის, რომელიც ღიაა პროექტის ავტორებისათვის. დაფინანსების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება 30 სამუშაო დღის ვადაში იქნება მიღებული და დაუყოვნებლივ ეცნობება პროექტის ავტორს.
პროექტების განხილვა და გადაწყვეტილების მისაღებად მომზადება ხდება დარგობრივ დეპარტამენტში, რიგითობის დაცვით, რაც გამორიცხავს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემოსული პროექტების თვითნებურად შერჩევას.
ასევე, აუცილებლობას აღარ წარმოადგენს დამატებითი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები თანადამფინანსებელ ორგანიზაციებთან, ინვოისები და ა.შ.) წარდგენა საწყის ეტაპზე, სანამ პროექტის ავტორები არ მიიღებენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დადებით პასუხს დაფინანსების შესახებ.
გამარტივდა აპლიკაციის შევსების ფორმა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში პროექტების წარდგენის, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ახალი წესი 5 სექტემბერს დამტკიცდა.
მასალის გამოყენების პირობები