14 სექტემბერს, ბათუმში ბათუმის საავტორო ფილმების მე-9 საერთაშორისო კინოფესტივალი BIAFF-ი ფარაჯანოვის ფილმით - „ბროწეულის ფერი" გაიხსნება.
კინოფესტივალის ფარგლებში დაახლოებით 40 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი იქნება ნაჩვენები. ასევე 40 ფილმი იქნება ნაჩვენები მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში.
კინოფესტივალზე მოწვეული რეჟისორები მასტერკლასებს ჩაატარებენ. მაყურებელს საშუალება ექნება იხილოს თანამედროვე საავტორო კინო. ფესტივალზე ნაჩვენები იქნება ირლანდიელი რეჟისორის, ლენი აბრაჰამსონის „ფრენკი", ირანელი რეჟისორის მუჰამედ რასულოფის „არ დაწვა მანუსკრიპტი", თურქი რეჟისორის ჰუსეინ ქარაბეის „თავისუფალი ვარდნა". ასევე მხატვრული კინოს სექციაში ნაჩვენები იქნება თინათინ ყაჯრიშვილის „პატარძლები".
კინოფესტივალზე ყველა სექციას თავისი ჟიური ეყოლება. მხატვრული კინოს საერთაშორისო კონკურსის ჟიური: რომან ბალაიანი, უკრაინა - თავჯდომარე; ალისა სიმონ, აშშ; პაველ ივანოვ, ბელორუსია; მიქაელ სტამბოლიანი, სომხეთი;ზაზა ურუშაძე. დოკუმენტური კინოს საერთაშორისო კონკურსის ჟიური: ოდრიუს სტონისი, ლიტვა - თავჯდომარე; ულვი მეჰტი (მამედოვ), აზერბაიჯანი; მიროლუბ ვუჩკოვიჩ, სერბეთი; პაველ ლოზინსკი, პოლონეთი; ანა ძიაპშიპა, საქართველო. მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსის ჟიური: მიხეილ კობახიძე, საქართველო - თავჯდომარე; მირა სტალევა, ბულგარეთი; ეკატერინა ჩერქეზ ზადე, რუსეთი; ენდრიუ ვიალ, ავსტრალია;ლატავრა დულარიძე, საქართველო.
კინოფესტივალის სპონსორები არიან: ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და სასტუმრო "DIVAN"-ი.
ბათუმის საავტორო ფილმების მე-9 საერთაშორისო კინოფესტივალი 21 სექტემბერს დაიხურება.