5 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა, საქართველოში საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ელეთერიოს პროიოსსა და ბერძენ არქიმანდრიტ სპირიდონ კატრამადოსს უმასპინძლეს. შეხვედრას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე ესწრებოდა.
მხარეებმა საქართველოსა და საბერძნეთს შორის, კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს. საბერძნეთის ელჩმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო კავშირი, ჯერ კიდევ მითოლოგიური ხანიდან არსებობს, თუმცა საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ეს ურთიერთობა სახელმწიფოებრივ დონეზე ავიდა. ბერძენმა არქიმანდრიტმა რელიგიური ტურიზმის განვითარების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ სფეროში ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის მჭიდრო კავშირი აუცილებელია. მიხეილ გიორგაძემ იმედი გამოთქვა, რომ რელიგიური ტურიზმის განვითარების საქმეში საპატრიარქო აქტიურად ჩაერთვება და ამ კუთხით ქვეყანა, როგორც კულტურულ, ასევე ეკონომიკურ სარგებელს აუცილებლად ნახავს.