ქართული მხარე იმედოვნებს, რომ ავიაკომპანიები, რომლებიც სოხუმის მიმართულებით რეისებს განახორციელებენ, შავ სიაში მოხვდებიან და ასეთ კომპანიებთან ურთიერთობას ყველა ქვეყანა აარიდებს თავს. ქართული მხარის განცხადებით, ეს იქნება ერთ-ერთი ბერკეტი იმისათვის, რომ სოხუმში არ განხორციელდეს ფრენები. ამის შესახებ განცხადება დღეს პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლევან ჭიჭინაძემ გააკეთა.
სხდომა რუსეთის მიერ აფხაზეთთან საჰაერო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ დადებულ ხელშეკრულებას მიეძღვნა. პარლამენტმა მოისმინა აღმასრულებელი ხელისუფლების სათანადო უწყებებიდან ინფორმაცია, თუ რას გეგმავს ხელისუფლება რუსეთისა და აფხაზეთის გადადგმული ნაბიჯების საწინააღმდეგოდ.
ჭიჭინაძის განმარტებით, ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი იქნება ის, რომ კომპანია რომელიც არ დაემორჩილება "იკაოსა" და ჩიკაგოს კონფერენციის მოთხოვნებს და განახორციელებს ფრენას აფხაზეთის ტერიტორიაზე, მოხვდეს შავ სიაში.
კომპანია შავი სიის პრეტენდენტი ხდება იმ შემთხვევაშიც, თუკი სამოქალაქო ავიაკომპანია ფრენებს ახორციელებს სახელმწიფოს მიერ დახურულ ზონად გამოცხადებულ ტერიტორიაზე. თუმცა აღსანიშნავია, რომ ჭიჭინაძის განმარტებით, რაიმე კონკრეტული სანქცია იმ კომპანიის მიმართ, ვინც გახდება შავი სიის პრეტენდენტი, არ არსებობს (არც "იკაოს" და არც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან). მიუხედავად ამისა, ქართული მხარე აცხადებს, რომ აქ არის მთავარი პოლიტიკური ბერკეტი და ასევე საჰაერო უსაფრთხოების ბერკეტი, ვინაიდან საჰაერო უსაფრთხოების თვალსაზრისით, იმ ავიაკომპანიასთან ურთიერთობას, რომელიც არის შავი სიის პრეტენდენტი, ყველა ქვეყანა არიდებს თავს.
ჭიჭინაძე აცხადებს, რომ “სოხუმის მიმართულებით ფრენების აღდგენის შემთხვევაში აღნიშნული კომპონენტი საქართველოს მხრიდან აუცილებლად იქნება გამოყენებული”.
მასალის გამოყენების პირობები