იუსტიციის სამინისტრო ირაღის ტარებასთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრების შესახებ კანონპროექტს მთავრობის მომავალ სხდომაზე წარადგენს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განუცხადა.
"იმ დანაშაულთან ბრძოლა, რომელიც არის მიმართული სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ, უნდა იყოს მკაცრი. ამ ბრძოლაში არ უნდა დაგვავიწყდეს ადამიანის უფლებები, მაგრამ აუცილებელია და დავალებაც მივიღეთ, რომ შს სამინისტრომ პრევენციული ღონისძიებები გაატაროს, რათა თითოეულმა ახალგაზრდამ იცოდეს - იარაღის უკანონო ტარება, იქნება ეს ცივი იარაღი თუ ცეცხლსასროლი იარაღი, არ არის კანონით დაშვებული. იუსტიციის სამინისტრო მთავრობას მომავალ სხდომაზე წარუდგენს კანონპროექტთა პაკეტს, რომლითაც გამკაცრდება იარაღის, მით უმეტეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების შესახებ ჩვენს კანონებში არსებული ნორმები",- აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს იარაღის ტარების შესახებ კანონის გამკაცრების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებისკენ მოუწოდა, - შესაბამისი დავალება ირაკლი ღარიბაშვილმა ალექსანდრე ჭიკაიძეს და თეა წულუკიანს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მისცა.
მთავრობის მეთაურის დავალებით, მინისტრებმა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მაქსიმალურად მოკლე ვადებში უნდა წარადგინონ. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მისი ინიციატივით, ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრობისას გამკაცრდა კანონი ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით.
პრემიერი ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარების გაუარესებაზე საუბარს მიზანმიმართულ, ხელოვნურ კამპანიად აფასებს და განმარტავს, რომ კრიმინოგენური ვითარება აბსოლუტურად სტაბილურია, ხოლო სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ სიტუაცია იყოს მაქსიმალურად კონტროლის ქვეშ.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრი და უწყების ყველა თანამშრომელი მაქსიმალურად მოტივირებულია და პოლიცია 24 საათის განმავლობაში მუშაობს, რაც ფასდაუდებელი შრომაა.