5 სექტემბერს, 12:30 საათზე, კულტურის სამინისტროში გამოვლინდება ოსკარზე წარსადგენი ქართული კინოფილმი, რომელიც ამერიკული კინოაკადემიის ჯილდოსთვის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში იბრძოლებს.
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე კახა კანდელაკი, ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელი ნანა ჯანელიძე, ჟიურის წევრები და გამარჯვებული ფილმის რეჟისორი.
ოსკარის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე წარსადგენი ქართული კინოსურათი სპეციალურმა კომისიამ ფარული კენჭისყრის შედეგად გამოავლინა. ჩვენება კომისიის წევრებისათვის 2-5 სექტემბერს გაიმართა. კომისიის შემადგენლობაში იყვნენ: მერაბ კოკოჩაშვილი, კოტე ჯანდიერი, ლანა ღოღობერიძე, მიხეილ კობახიძე, ვლადიმერ კაჭარავა, ნინო მხეიძე, ნანა ჯანელიძე, ნანა ექვთიმიშვილი, რუსუდან ჭყონია, ნატო მურვანიძე, კახა კანდელაკი.
კონკურსში 4 ქართული ფილმი მონაწილეობდა:
• პატარძლები - (რეჯისორი: თინათინ ყაჯრიშვილი)
• შემთხვევითი პაემნები - (რჟისორი: ლევან კოღუაშვილი)
• სიმინდის კუნძული - (რეჟისორი: გიორგი ოვაშვილი)
• ზღვარზე - (რეჟისორი: მარიამ ქაცარავა)
ამერიკული კინოაკადემია სხვადასხვა ქვეყნიდან წარდგენილ ფილმებს ახლო მომავალში განიხილავს და 1 ოქტომბრის შემდეგ 9 ფილმიან სიას შემოგვთავაზებს. ოსკარის ნომინანტი უცხოენოვანი 5 ფილმი კი 2015 წლის 15 იანვარს დასახელდება. ოსკარის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 2015 წლის 22 თებერვალს გაიმართება.