კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, 1950 წლის შემდეგ, პირველად განახლდა და დაიწყო ეროვნული მნიშნელობის არქეოლოგიური ძეგლის - პიტიახშ-ერისთავთა კომპლექსის არქეოლოგიური კვლევა და სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ამ დრომდე პიტიახშ - ერისთვთა კომპლექსი მისი საზოგადოებრივად აქტიური ლოკაციის მიუხედავად, ბოქლომს მიღმა იმალებოდა და დამთვალიერებლისთვის უცნობი იყო ძეგლის ისტორია და მნიშვნელობა.
პიტიახშ-ერისთავთა კომპლექსის დაცვის, გადარჩენისა და პოპულარიზაციის მიზნით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ რამდენიმე თვის წინ, ძეგლის ეტაპობრივი განახლების გეგმა შეიმუშავა. ადგილზე ფიზიკური სამუშაოები გუშინ დაიწყო.
პროექტი ორი მიმართულებით ხორციელდება. ეროვნული სააგენტო ერთი მხრივ აფინანსებს ეროვნულ მუზეუმს - პიტიახშ - ერისთავთა კომპლექსის არქეოლოგიური კვლევისთვის და მეორე მხრივ ადგილზე მუშაობს არქიტექტორ-რესტავრატორი მიხეილ გელაშვილი, რომელიც წლის ბოლომდე განახორციელებს აბანოს კონსერვაციას.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მთავარი პრიორიტეტების თანახმად, .ქართლის (იბერიის) სამეფოს ერთ-ერთი სამხედრო-პოლიტიკური და სახელისუფლებო ცენტრი, ყველაზე უძველესი და უმსხვილესი არქეოლოგიური ძეგლი სათანადოდ მოვლილი და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება.