ხვალ, 31 მარტს, ქვეყანაში აღინიშნება 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის მე-19 წლისთავი.
რეფერენდუმში მონაწილეთა რაოდენობა შეადგენდა 3.302.302 კაცს (90,3 პროცეტი). მასში მონაწილეობდა სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობაც.
რეფერენდუმის შეკითხვას _ "ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?" _ საქართველოს საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის (მათ შორის აფხაზებმა და ოსებმა) 98 %-მა პროცენტმა დადებითი პასუხი გასცა.
რეფერენდუმში მონაწილეთა 98,9 პროცენტმა მხარი დაუჭირა საართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას, რაც იქნა აღიარებული მთელი მსოფლიოს მიერ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ნების გამოვლინებად. ამის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
31 მარტს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ახლად აღდგენილ ტაძარში (მე-9-ე საავადმყოფოს ტერიტორიაზე) 09:00 საათზე ჩატარდება ამ მოვლენისადმი მიძღვნილი წირვა. მას აღავლენს მამა კონსტანტინე (კოღუაშვილი). წირვისას მოიხსენიებენ საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას და საქართველოს დამოუკიდებულებისათვის თავდადებულ ეროვნულ გმირებს. წირვას დაესწრებიან ჩვენი ქვეყნის გამოჩენილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეები.
11:30 საათზე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის VIII კორპუსის სააქტო დარბაზში გაიმართება ზვიად გამსახურდიას 70 წლისთავისადმი მიძღვნილი წიგნის _ “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო” _ პრეზენტაცია. წიგნის შემდგენელ-რედაქტორია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ეთერ მგალობლიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები