„თბილისის მთავრობის მიერ აღებული სესხი კაპიტალური პროექტებს მოხმარდება, თუმცა, გამორიცხული არ არის, საერთოდ არ დაგვჭირდეს მისი აღება" - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„სესხის აღება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ წლის ბოლოსთვის ბიუჯეტში დეფიციტური მდგომარეობა იქნება, ჯერჯერობით კი თბილისის მთავრობამ მხოლოდ საკრედიტო ხაზის გახსნაზე ითხოვა თანხმობა. კომერციული ბანკი კონკურსის საფუძველზე შეირჩევა და არჩევანი იმ ბანკზე გაკეთდება, რომელსაც ყველაზე მცირე საპროცენტო განაკვეთი ექნება. სესხი არ იქნება გრძელვადიანი და ის სრულად მომდევნო წლის ბიუჯეტიდან დაიფარება" -განაცხადა თბილისის მერმა.
დავით ნარმანიას თქმით, თანხა მოხმარდება 2015 წლის ოლიმპიადის მოსამზადებელ სამშენებლო სამუშაოებს, კერძოდ, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე შიდა კომუნიკაციების შეყვანას, დიღომში ოლიმპიური სოფლის მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას, ასევე, იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაც წინა მთავრობამ ბიუჯეტში არ გაითვალისწინა, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტს ამ სამუშაოების შესრულებაზე ვალდებულება ჰქონდა აღებული.
თბილისის მერის განმარტებით, მოქმედი საბიუჯეტო კოდექსის თანახმად, ადგილობრივ თვითმმართველობას შეიძლება მიეცეს სესხი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან მიეცეს თანხმობა სხვა სექტორიდან. იმის გამო, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული თბილისის თვითმმართველობისთვის სესხის გასაცემი თანხა, ბიუჯეტიდან ვერ მოხერხდება მისი აღება, აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციების შემდეგ, მიღებულია გადაწყვეტილება, საჭროების შემთხვევაში, სესხის კომერციული ბანკიდან აღების შესახებ. რაც შეეხება სოციალურ საკითხების მოსაგვარებლად საჭირო თანხებს, დავით ნარმანიას თქმით, ამისთვის სახსრები უკვე მოპოვებულია სხვადასხვა პროექტების და ტენდერების ეკონომიის ხარჯზე.
თბილისის მერი დღეს წინა მთავრობის და ამჟამად საკრებულოს წევრების მიერ მიღებული პრემიების საკითხსაც შეეხო და მოუწოდა მათ, ეყოთ ვაჟკაცობა და დაასახელონ თბილისის ბიუჯეტიდან 7 თვის განმავლობაში მიღებული პრემიების ოდენობა, რაც ზოგ შემთხვევაში 10 ათას ლარს აღწევს. მისი თქმით, სწორედ ეს თანხები უნდა მოხმარებოდა ჯანდაცვას და სოციალური საკითხების უზრუნველყოფას.
„მათ, პრაქტიკულად, წინასაარჩევნო პერიოდში, მაისსა და ივნისში სრულად ამოწურეს ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე გასაწევი ხარჯები, ასევე, სრულად გახარჯეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის გათვალისწინებული თანხა. სწორედ ამან დაგვაყენა ფაქტის წინაშე - დაგვხვდა გარღვეული ბიუჯეტი და დასაბალანსებლად გვიხდება სესხის აღება. კეთილი ინებონ, ეყოთ ვაჟკაცობა და დაასახელონ ის პრემიები, რაც მათ მერიის მაღალ თანამდებობებზე ყოფნისას აიღეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გამოვაქვეყნებთ" - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მასალის გამოყენების პირობები