ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით დიდი მოლოდინი გვაქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა,  მაია ფანჯიკიძემ უელსში გამგზავრებამდე განუცხადა. მისივე განმარტებით, ქართული მხარე მოელის, როგორც კონკრეტული პაკეტის შეთავაზებას, ისე ნატო-ს მხრიდან სერიოზულ მესიჯს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ალიანსს უახლოვდება.
"ჩვენ მივემგზავრებით ნატო-ს სამიტზე, რომელიც უელსში ხვალ და ზეგ გაიმართება. დიდი მოლოდინი გვაქვს, ერთი მხრივ, ძალიან კონკრეტული პაკეტის გარდა,  იმედი გვაქვს ძალიან სერიოზული მესიჯის ნატო-ს მხრიდან, რომ საქართველო კიდევ უფრო უახლოვდება ალიანსს", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
საქართველოს სამთავრობო დელეგაცია უელსში გამთენიისას გაემგზავრა.  
საქართველოს დელეგაციას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობს, რომელიც ამ დროისთვის ლონდონში იმყოფება. უელსში ნატო-ს სამიტი  4-5 სექტემბერს გაიმართება.