მთავარი პროკურატურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საბერძნეთის სამართალდამცავების მიერ საზღვარზე შეყოვნებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:
"2014 წლის 1 სექტემბერს საქართველოს მთავარ პროკურატურას საბერძნეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროდან მომართეს, იმის თაობაზე, რომ მოქალაქე მ. სააკაშვილი აყვანილი იყო კუნძული სამოსის პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ, მაშინ როდესაც აპირებდა საბერძნეთის ტერიტორიაზე შესვლას. მისი პასპორტის შემოწმებისას გამოჩნდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მხარის მიერ შესულია თხოვნა ინტერპოლის გენერალურ სამდივნოში ხსენებული პირის საერთაშორისო ძებნაზე გამოცხადებასთან დაკავშირებით. საბერძნეთის სამართალდამცველები ითხოვდნენ დადასტურებას ნამდვილად იყო თუ არა მ.სააკაშვილი საერთაშორისო ძებნილი. საქართველოს პროკურატურამ საბერძნეთის მხარეს დაუყონებლივ მიაწოდა სრული ინფორმაცია ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ. ამავე დროს საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერპოლის გენერალური სამდივნოდან, მიიღო ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა შესწავლის პროცესშია და შესაბამისი პროცედურები ჯერ დასრულებული არ არის. შესაბამისად, ბერძნულმა მხარემ იახტა რომელშიც მ.სააკაშვილი იმყოფებოდა, რამდენიმე საათიანი დაყოვნების შემდეგ თურქეთის რესპულიკის მიმართულებით გააბრუნა", - ნათქვამია განცხადებაში.