ბერლინში ევროპულ კულტურათა მუზეუმში ქართული კულტურის დღეები აჭარის ახალგაზრდა მოცეკვავეთა ანსამბლის „ხორუმის" კონცერტით დასრულდა.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ევროპულ კულტურათა მუზეუმის დირექტორმა ელიზაბეტ ტიტმაიერმა და საქართველოს ელჩმა გერმანიაში ბატონმა ლადო ჭანტურიამ. „ჩვენს მუზეუმს კულტურის დღეების ჩატარების ათწლიანი გამოცდილება აქვს, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ მსგავსი წარმატებით არც ერთ მათგანს არ უსარგებლია. ეს იყო საუკეთესო კულტურის დღეები. დიდი მადლობა მინდა ამისათვის გადავუხადო საქართველოს საელჩოს გერმანიაში, საქართველოს კულტურის სამინისტროს და ყველა სხვა ადამიანს, ვინც მთელი თვის განმავლობაში მხარში გვედგა", განაცხადა ქალბატონმა ტიტმაიერმა.
საქართველოს ელჩმა კმაყოფილება გამოხატა კულტურის დღეებით და ორგანიზატორებს საქართველოს საელჩოს სახელით მადლობა გადაუხადა. „ამ წამოწყებამ ბევრი ახალი მეგობარი შეგვძინა. ჩვენ მომავალშიც ინტესიურად გავაგრძელებთ ამ სფეროში თანამშრომლობას", აღნიშნა მან.
საღამოს დასასრულს, ღონისძიებაზე მოსულ მრავალრიცხოვან სტუმარს ქართული კერძებისა და ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა მიეცათ. მოწვეულ პირთა შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ქართული დიასპორის, გერმანული მასმედიის, ბიზნესისა და კულტურის სფეროს წევრებიც იმყოფებოდნენ.
ბერლინში ევროპის კულტურების მუზეუმში საქართველოს კულტურის დღეები ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. 31 ივლისიდან 30 აგვისტომდე ყოველკვირეულად სამი ღონისძიება იმართებოდა, რომლებიც ქართული კულტურის სხვადასხვა სფეროებს ეძღვნებოდა. სტუმრებს ქართულ ლიტერატურას, კლასიკურ მუსიკას, კინოხელოვნებას, მეცნიერებას, ფოლკლორს, ცეკვას, ისტორია ქართველი და გერმანელი ექსპერტები და ხელოვანები სხვადასხვა კუთხით წარმოუდგენდნენ.