მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისთვის რომელთაც მეურვე არ ჰყავთ საბანკო ანგარიშები გაიხსნება. აღნიშნული ინიციატივა საქართველოს მთავრობას ეკუთვნის.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ინდივიდუალურად გახსნილ ანგარიშებზე ყოველთვიურად გარკვეული ოდენობის თანხა გადაირიცხება, რასაც მზრუნველობა მოკლებული ბავშვები 18 წლის შესრულების შემდეგ მიიღებენ.
"უდედმამო ბავშვთა სახლებში არიან ისეთებიც, რომლებიც სახელმწიფოსგან შესაბამის დახმარებას ვერ იღებენ, რადგან მათი იურიდიული სტატუსი განსაზღვრული არ არის. ამიტომ გადავწყვიტეთ მათთვის საბანკო ანგარიშები გავხსნათ, სადაც იმ დახმარების აკუმულირება მოხდება, რომელიც მათ იურიდიულად ეკუთვნის და როცა სრულწლოვანები გახდებიან შეეძლებათ ბავშვთა სახლები გარკვეული თანხით დატოვონ", - განაცხადა ნიკა გილაურმა.
მისივე განმარტებით, ბავშვთა სახლებში ასეთი სულ 400-მდე აღსაზრდელია.
"ხშირია შემთხვევა, როცა უსახსრობის გამო ბავშვთა სახლების აღსაზრდელები 18 წლის შესრულების შემდეგაც რჩებიან. აღნიშნული გადაწყვეტილებით კი ამ პრობლემასაც მოვაგვარებთ", - განმარტა გილაურმა.
აღსანიშნავია რომ შესაბამის კანონპროექტს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს და მოწონების შემთხვევაში დაამტკიცებს.
მასალის გამოყენების პირობები