ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი წყნეთში ყოფილ “ცეკავშირის სახლში” ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა. მინისტრმა ქარიშხლის შედეგად დაზიანებული შენობის გადახურვის სამუშაოები დაათვალიერა, რომელიც დღეს დასრულდა.
აღნიშნულ ობიექტში აფხაზეთიდან დევნილი 14 ოჯახი ცხოვრობს. დაკავებული ფართები მათ საკუთრებაში გადაეცათ. როგორც დევნილებმა მინისტრთან შეხვედრისას აღნიშნეს, ამჯერად მათი ერთადერთი პრობლემა საერთო მრიცხველებია.
ეთერ პატარაია, აფხაზეთიდან დევნილი: “ქარიშხალმა ძალიან ცუდ დღეში ჩაგვაგდო. სახურავი აგვხადა და ოთახებში გვაწვიმდა. დასახმარებლად ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მივმართეთ. მოვიდნენ და შენობა გადაგვიხურეს. ერთადერთი, რასაც ახლა მინისტრს ვთხოვთ, ინდივიდუალური გამრიცხველიანებაა, რადგან მეზობლებს ერთმანეთში ჩხუბი მოგვდის. თუ ამასაც გაგვიკეთებენ, მადლობის მეტი რა გვეთქმის”
მინისტრმა დევნილებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საერთო მრიცხველების პრობლემა მათ მოეხსნებათ: “ინდივიდუალურ გამრიცხველიანების საკითხი დაახლოებით ერთ თვეში მოგვარდება. შედეგად, უშუქობის პრობლემა დევნილებში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება. ხშირად, ელექტროენერგიის გადახარჯვის და დავალიანების გამო, გათიშული ოჯახები ეს პრობლემა სამუდამოდ ამოიწურება და ჩვენც კმაყოფილები ვიქნებით.”
მასალის გამოყენების პირობები