საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე დაესწრო.
მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრის შინაარს არ აკონკრეტებენ, თუმცა საუბრის მთავარი თემა, სავარაუდოდ, აჭარაში ფრაქცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის არსებული დაპირისპირება იყო.
როგორც ცნობილია, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას აპირებენ. მათი პრეტენზიები არჩილ ხაბაძის მიერ განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს უკავშირდება. კერძოდ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თანამდებობებიდან გაათავისუფლა სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მერაბ ნაგერვაძე და განათლების მინისტრის მოადგილე ქეთევან მანელიშვილი, ხოლო კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ბიძინა აფხაზავა დეპარტამენტის მოადგილის პოსტზე გადაიყვანა. კადრების გათავისუფლებას აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ალექსანდრე ჩიტიშვილი გამოეხმაურა და აღნიშნულს "მურმან დუმბაძის გუნდის შევიწროება" უწოდა. დეპუტატები, რომლებიც ხვალიდან აჭარის მთავრობის თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცედურების დაწყებას გეგმავენ, სწორედ მურმან დუმბაძის მხარდამჭერები არიან.