აჭარის მთავრობის მიერ ნახიჩევანიდან ბათუმში მოწვეულ შშმ ბავშვებს გასართობ ცენტრში უმასპინძლეს. დღეს ერთ-ერთ მათგანს დაბადების დღე აქვს, ფიდან ასლანოვს 13 წლის იუბილე აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სახელით სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ლელა სურმაიძემ მიულოცა და საჩუქარი გადასცა.
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 15 აზერბაიჯანელი ბავშვი ააიპ სამედიცინო ასოციაცია „თანა"-ს სარეაბილიტაციო ცენტრში სარეაბილიტაციო და სამკურნალო კურსს 22 აგვისტოდან გადის.
ბავშვები უზრუნველყოფილნი არიან სადღეღამისო მომსახურებით და ექიმის მეთვალყურეობით. უტარდებათ სარეაბილიტაციო ღონისძიებები. პარალელურად მონაწილეობას ღებულობენ კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობი პროექტებში. ისინი უკვე იმყოფებოდნენ დელფინარიუმში და ბოტანიკურ ბაღში, მოზარდებს ბათუმის მერმაც უმასპინძლა.
აჭარის მთავრობამ შშმ ბავშვების ბათუმში მოწვევის გადაწყვეტილება ბათუმში აზერბაიჯანის საკონსულოს მიერ აჭარაში მცხოვრები ბრონქული ასთმის და სასუნთქი სისტემის სხვადასხვა დაავადებების მქონე ბავშვების ნახიჩევანის სპეციალიზირებულ სარეაბილიტაციო ცენტრში მიწვევის შემდეგ მიიღო.
ქართველი ბავშვები ნახიჩევანში სანატორიულ-კურორტული მკურნალობას 2012 წლიდან გადიან, წელს აქციამ ორმხრივი თანამშრომლობის სახე მიიღო. ქ. ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს ინიციატივით 23 აგვისტოს, ნახიჩევანის სპეციალიზირებულ სარეაბილიტაციო ცენტრში აჭარიდან 22 ბავშვი გაემგზავრა.
ბრონქული ასთმით და სასუნთქი სისტემის სხვადასხვა დაავადებების მქონე ბავშვები სანატორიულ-კურორტული მკურნალობას 2 კვირის განმავლობაში გაივლიან.