თბილისში წურწუმიას ქუჩის #29-ში მდებარე სამსართულიანი სახლი იტბორება. სახლის 6-მა ოჯახმა წუხანდელი ღამე ფაქტობრივად ღია ცის ქვეშ გაატარა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა მიხეილ კოვძირიძის ოჯახი, რომლის საცხოვრებელში ამ დროისთვის ნახევარ მეტრამდე წყალია დაგროვილი.
ამჟამად სახლის სარდაფი წყლით ივსება. იმის მიუხედავად, რომ წუხელ ადგილზე იმყოფებოდნენ "თბილის წყილს" წარმომადგენლები, მოსახლეობის თხოვნის მიუხედავად, კომპანია წყლის გადაკეტვას არ აპირებს, რაც სახლის სარდაფის და კოვზირიძეების ოჯახის საცხოვრებლის სრულ დატბორვას გამოიწვევს.
"როგორც კი ცენტრალური კანალიზაციის მილი გაიჭედება სახლი ასეთ მდგომარეობაშია. ეს კვირაში ერთხელ მაინც ხდება. არავინ არაა ჩვენი დამხმარე. სხვა რომ არაფერი, ამ დილით წყლის დაკეტვაზეც უარი გვითხრეს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" მიხეილ კოვძირიძემ.
როგორც მოსახლეობა განმარტავს, სახლს, რომელიც ისედაც ავარიულ მდგომარეობაშია და პირველი კატეგორიის დაზიანებული სახლების ნუსხაშია მოხვედრილი, საძირკველი ერეცხება, რაც კედლების დაცალკავებას იწვევს.
მათივე განცხადებით სახლში ბზარები ყოველდღიურად იზრდება, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილში მესამე სართულზე კედლებს შორის დაშორება დაახლოებით ნახევარი მეტრია.
როგორც სახლის მაცხოვრებლები განმარტავენ, მათა არაერთხელ მიმართეს დედაქალაქის მერიას, როგორც სახლის გამაგრებით სამუშაოებთან დაკავშირებით ასევე წურწუმიას ქუჩაზე გამავალი ცენტრალური საკანალიზაციო ქსელის მოწესრიგების მიზნით, მაგრამ მათ თხოვნას რეაგირება ამ დრომდე არ მოყოლია.
"ერთადერთი ვინც თავის დროზე დაგვეხმარა კობა სუბელინი იყო. მას შემდეგ ამდენი თხოვნის მიუხედავად ჩვენთვის ვერავინ მოიცალა", - აცხადებენ წურწუმიას 29-ის მცხოვრებნი.
მათ ორიოდე კვირის წინ კვლავ მიმართეს დედაქალქის მერს დახმარების თხოვნით, მაგრამ არავითარი პასუხი ამ დრიომდე არ მიუღიათ.