რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გახდა იმის საფუძველი, რომ ქვეყანაში დამოუკიდებლობის მომხრეთა რაოდენობა 83%-იდან 90%-მდე გაიზარდა. ამის შესახებ მოსახლეობის მიერ უკრაინის სუვერენიტეტის მხარდაჭერის კვლევის ავტორმა ვალერი ხმელკომ განაცხადა.
„მოქალაქეების თვითშეგნების აღტკინება გამოიწვია რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფამ", - განაცხადა სოციოლოგმა.
მისი თქმით, კვლევები ადასტურებს ტენდენციას, როდესაც მოქალაქეთა ნაწილი მხარს არ უჭერს დამოუკიდებლობას - იმ პირობებში, როდესაც არაფერი უბიძგებს იფიქროს საფრთხეებზე, ვითარებაში, როდესაც ეს საფრთხეები ხდება რეალური, ისინი ხვდებიან, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა მათთვის წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ფასეულობას.
ხმელკოს განცხადებით, პირველად, არაეკონომიკური ფაქტორებით მოტივირებული, დამოუკიდებლობის მომხრეთა ზრდა 1994 წელს დაფიქსირდა. დამოუკიდებლობის პირველ ორ წელიწადში, ცხოვრების დონის ვარდნასთან ერთად, როდესაც ქვეყანაში იყო ჰიპერინფლაცია - დამოუკიდებლობის მომხრეთა რაოდენობა 76%-მდე, შემდეგ კი 56%-მდე შემცირდა.
დამოუკიდებლობის მომხრეთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა 1996 წელს, რუსეთის მიერ ჩეჩნეთში ომის დაწყების შედეგად (71%). 1997-98 წლებში ფინანსური კრიზისი გავლენას ახდენს მოსახლეობის განწყობაზე და დამოუკიდბლობის მომხრეთა რაოდენობა 60%-მდე მცირდება, ხოლო ჩეჩნეთის მეორე კამპანიის დროს - 1999-2000 წლებში - ისევ ზრდა ფიქსირდება - 72%.
2003 წელს კუნძულ კოსა ტუზლას ირგვლივ რუსეთის ქმედებებმა - როდესაც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა საფრთხის ქვეშ დააყენა - მხოლოდ ერთ თვეში უკრაინის დამოუკიდებლობის მომხრეთა რაოდენობა 71%-დან 77%-მდე გაიზარდა და კონფლიქტის ამოწურვის შემდეგ 72%-იან ნიშნულზე დავიდა.
2008 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორიციელებული აგრესიის დროს, უკრაინელების მიერ საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის მხარდაჭერის მაჩვენებელი 72%-დან, 83%-მდე იზრდება. ეს მაჩვენებელი 74%-ია ნიშნულამდე მხოლოდ ათი თვის შემდეგ დავიდა.
სოციოლოგი აცხადებს, რომ ამ პერიოდიდან, ყოველწლიურად იზრდებოდა ქვეყნის დამოუკიდებლობის მომხრეთა რაოდენობა, რომელიც ბოლოს 83%-იან ნიშნულზე დასტაბილურდა, ხოლო რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დაწყების შემდეგ - დღეის მდგომარეობით - ქვეყნის დამოუკიდებლობას მოსახლეობის 90% უჭერს მხარს.