14 აგვისტოს „მოსიარულე ბიბლიოთეკამ" მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტის „წიგნი ყველა სოფელს" ფარგლებში მოგზაურობა დაიწყო და დღეიდან რაიონული ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სოფლებში ბიბლიოთეკების შექმნასა და წიგნის კითხვის პოპულარიზაციაზე იზრუნებს. პროექტის პარტნიორმა „პალიტრა L"- მა მაგალითი მისცა სხვებს და წიგნები აჩუქა "მოსიარულე ბიბლიოთეკას", რომელიც პირველად კახეთის მიმართულებით წავა.
შეგახსენებთ, რომ "წიგნი ყველა სოფელს" - არასამთავრობო, სახელმწიფო, საქართველოს საპატრიარქოს და კერძო სექტორის ერთიანი ძალისხმევით და ორგანიზაცია ,,სტუდენტური ერთიანობის'' და საპატრიარქოს ახალგაზრდული ფონდის „დავითიანნის" ინიციატივით ხორციელდება. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის, „ვისოლ ჯგუფის", საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის", „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის", „პალიტრა L"-ის, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის და ქველმოქმედი საზოგადოების მხარდაჭერით სვანეთის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა- მთიანეთისა და აჭარის სოფლების სასკოლო თუ ცენტრალური ბიბლიოთეკები საჭირო წიგნებით მომარაგდება.
პროექტის ფარგლებში 1 აგვისტოდან საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში განთავსებულ „ვისოლის" ავტოგასამართ სადგურებზე, სუპერმარკეტების ქსელ „სმარტის" და ამერიკული რესტორნების ქსელ „ვენდის" ვაკისა და რუსთაველის ობიექტებზე, „დავითიანნის" ოფისებში რუსთაველის გამზ. # 21/23-სა და სამების საკათედრო ტაძრის სამრეკლოში მიიტანოს წიგნები და გააჩუქონ ისინი მათთვის, ვისთვისაც წიგნი ხელმიუწვდომელია.
ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ დახარისხებული წიგნებით ,,მოსიარულე ბიბლიოთეკა'' საქართველოს დიდ ქალაქებში გაჩერდება და დაგეგმილი ღონისძიებებისა და ცნობილი მწერლების დახმარებით იქაურ მოსახლეობასაც მისცემს საშუალებას გააჩუქონ წიგნები და ჩაერთონ საგანმანათლებლო პროექტში.
„წიგნი ყველა სოფელს" გრძელვადიანი პროექტია და ამჯერად სვანეთის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და აჭარის რეგიონს მოიცავს. მოსახლეობის აქტიურობიდან გამომდინარე პროექტი სხვა რეგიონების ბიბლიოთეკების მომარაგებასაც ისახავს მიზნად.