შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს პაატა ზაქარეიშვილს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს.
მინისტრის თქმით, პირიქით, საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ უამრავი დანაშაული ხდებოდა.
„გვქონდა ეჭვები, მაგრამ არ გაგვაჩნდა მტკიცებულებები და ინფორმაცია, თუ ვინ აკეთებდა ამას. პროკურატურამ მკაფიოდ თქვა, ვისზე აქვს ეჭვი. ჩვენ უნდა ვენდოთ პროკურატურას. მე ის ეჭვები, რაც მქონდა, გამიმყარდა და ველოდები სასამართლოს გადაწყვეტილებას", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
მინისტრი დარწმუნებულია, რომ მთავარ პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის წინაღმდეგ წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით მყარი მტკიცებულებები გააჩნია.
შეგახსენებთ, რომ13 აგვისტოს საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტზე, გამოტანილი იქნა დადგენილებები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. საქმე ეხება სახელმწიფოს კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვის ფაქტს.