საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროკურატურის მიერ მისთვის წაყენებულ კიდევ ერთ ბრალს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების გახარჯვას ეხება, ცინიზმად მიიჩნევს. ამის შესახებ, სააკაშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემ „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.
„ის მიიჩნევს, რომ ეს ცინიზმია ივანიშვილის ხელისუფლებისგან, რომელიც მართლაც დაკავებულია სახელმწიფო ხარჯების გაფლანგვით და არანაირი რეზულტატი ქვეყანას აქედან არ მიუღია. ნაცვლად იმისა, რომ რაღაც სარგებელი მიიღოს სახელმწიფო ინსტიტუტებმა და მოქალაქეებმა, ბიუჯეტი გაირღვა 700 მილიონით, საგარეო ვალი გაიზარდა მილიარდ ოთხას მილიონამდე. პირველი წელია, როდესაც პენსიის ზრდა არ მოხდა, გაჩერებულია ინფრასტრუქტურული პროექტები, სტაგნაციაშია მთლიანად სახელმწიფო ინსტიტუტები. მიუხედავად ამისა, ფინანსთა მინისტრი 80 ათას და 70 ათას ლარს სადილებში ხარჯავს, როცა არანაირ შედეგს ქვეყნისთვის ჩვენ ვერ ვხედავთ. მიხეილ სააკაშვილს აქვს იმის ამბიცია, განაცხადოს, რომ მისი პრეზიდენტობის დროს საქართველოს სახელმწიფო განვითარდა, ბიუჯეტ გაიზარდა, შეიქმნა პოლიცია, ჯარი, საბაჟო, საგადასახადო ინსტიტუტები, რომ ეს მისი დამსახურებაა. მათ შორის, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ტურისტების რაოდენობის გაასმაგება", - განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდებულის სახით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილება გამოიტანა.
მასალის გამოყენების პირობები