საქართველოს პრეზიდენტი პროკურატურის მიერ საჯაროდ გაცხადებულ საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურამ, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით, გაასაჯაროვა საიდუმლო მიმოწერა მთავარ პროკურატურასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის.
"გამოვთქვამთ შეშფოთებას იმის გამო, რომ პროკურატურამ, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით, გაასაჯაროვა საიდუმლო მიმოწერა მთავარ პროკურატურასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის.
სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, „პრესაში და მასობრივი ინფორმაციების სხვა საშუალებებში სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების შედეგებზე მეთვალყურეობას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო". შესაბამისად, მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს ზემოაღნიშნული ვალდებულების შესრულება.
დამატებით აღვნიშნავთ, რომ ამავე კანონის მიხედვით, თანამდებობის პირსა და საჯარო მოხელეს, რომელიც დაარღვევს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ვალდებულებას, დაეკისრება კანონით დადგენილი პასუხისმგებლობა.
დაბოლოს, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ პროკურატურის მიერ ნახსენები დოკუმენტაციას უკვე მოეხსნა გრიფი „საიდუმლო"", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. .
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯებთან დაკავშირებულ საქმეს გრიფი "საიდუმლო" მოეხსნა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საქმეს გრიფი არასწორად ჰქონდა დადებული, რაც აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი გახდა.