ევროპარლამენტის კავკასიის ქვეყნებთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი მილან კაბრნოხი საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრა სასტუმრო "თბილისი-მარიოტში" გაიმართა და მას პარლამენტსგარეთ მყოფი ოპოზიციონერი ლიდერებიდან ლევან გაჩეჩილაძე, ნინო ბურჯანაძე, ვიქტორ დოლიძე, კახა შარტავა და გია გაჩეჩილაძე ესწრებოდნენ. საპარლამენტო უმცირესობას კი ნიკა ლალიაშვილი წარმოადგენდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა ლიდერებმა განუცხადეს, საუბარი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, მოახლოებულ არჩევნებს, საარჩევნო გარემოს და სხვა აქტუალურ შიდა და გარე საკითხებს შეეხებოდა.
მილან კაბრნოხი დღეს დილით უკვე შეხვდა საქართველოს ვიცე-პრემიერ-მინისტრ გიორგი ბარამიძეს. მას ქვეყნის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც მიიღებს.
მასალის გამოყენების პირობები