თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
"ის განცხადებები, რომელიც კეთდება რეგიონში შექმნილი ვითარებიდან მხარდაჭერაზე ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მეზობელი ქვეყნების მიმართ, ვისაც მართლა აქვთ გამოკვეთილი სურვილი გახდნენ ევროპის ნაწილი, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ის, რასაც საქართველოს ხელისუფლება ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში და ბოლო წლების განმავლობაში აკეთებდა და დიალოგში იყო შესული ჩვენს დასავლეთელ კოლეგებთან. დღეს დგება ის დრო, როდესაც ჩვენ ვართ თანაბარი პარტნიორები და საქართველოს ბუნებრივია აქვს სრული უფლება და მოვალეობაც დაიცვას საკუთარი ქვეყანა. ამისთვის მას სამხედრო შეიარაღება სჭირდება. ეს ნიშნავს იმას, თუ როგორ ამაღლდა ნდობა ქართველებსა და ნატოს ქვეყნებს შორის, თუ როგორ განმტკიცდა პოლიტიკური ნდობა ჩვენს ქვეყნებს შორის. აქედან გამომდინარე, ჩვენ რა თქმა უნდა, კარი ღია გვაქვს სრულად შევიარაღდეთ და საკუთარი შეიარაღებული ძალები მოვიყვანოთ ადეკვატურ მზადყოფნაში", - აცხადებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა ნატო-ს წევრ ქვეყნებს წერილობით მიმართა და მოუწოდა, მეტი პრაქტიკული დახმარება გაუწიონ ალიანსის არაწევრ ქვეყნებს უსაფრთხოების გასაძლიერებლად. კემერონი ალიანსს სთავაზობს, შეთანხმდნენ თავდაცვის ახალი შესაძლებლობების გაძლიერებაზე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, მათ შორის - საქართველოში.
"მაშინ, როდესაც ინვესტიციებს ვდებთ შეიარაღებულ ძალებში საკუთარ ქვეყანაში, უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ სხვა ქვეყნების პრატიკული დახმარებისთვის, რომელთაც საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერება სჭირდებათ. ავღანეთის მაგალითზე ჩვენ ვისაწვლეთ, რა სარგებლობა მოაქვს სხვა ქვეყნისთვის გაწეულ დახმარებას, ააშენოს საკუთარი შეიარაღებული ძალები, რათა უკეთესად შეძლონ საკუთარი რეგიონის დაცვა. მინდა, უელსის სამიტზე შევთანხმდეთ მსოფლიოს სხვა ნაწილებში, მაგალითად საქართველოსა და შუა აღმოსავლეთში ახალი თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მისიებზე", - ნათქვამია დევიდ კემერონის წერილში.