მტკიცედ ვადგავართ ევროინტეგრაციის გზას, რომელიც შეუქცევადია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე. მისი თქმით, სწორედ ეს გზა მიგვიყვანს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციამდე და გამთლიანებამდე.
"ჩვენ მტკიცედ ვადგავართ ევროინტეგრაციის გზას, რომელიც შეუქცევადია. ჩვენ ვაშენებთ ევროპულ, დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელიც დიდი ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი უნდა გახდეს, და ამავე დროს, თანამიმდევრულ ნაბიჯებს ვდგამთ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის. სწორედ ეს გზა მიგვიყვანს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციამდე და გამთლიანებამდე.
დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ დემოკრატიული და ეკონომიკურად ძლიერი ქართული სახელმწიფო გახდება მიმზიდველი ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისათვის. ჩვენ გულწრფელად გვჯერა, რომ აუცილებლად შევძლებთ ჩვენი ძმობის დაბრუნებას, თანხმობის მიღწევას და მშვიდობიან თანაცხოვრებას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.