"ეროვნული საბჭოს" ლიდერები მოსკოვის მეტროსადგურებში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით საბჭო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
"ეროვნული საბჭოს" ლიდერები და პირადად ზურაბ ნოღაიდელი თანაგრძნობას უცხადებენ დაღუპულთა ოჯახებს, რუს ხალხსა და ხელისუფლებას. ისინი მიიჩნევენ, რომ დაუშვებელია ნებისმიერი ტერორისტული და ძალადობივი ქმედება, როგორი პოლიტიკური მიზნითაც არ უნდა იყოს ის ნაკარნახევი", - ნათქვამია "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის მეტროში დღეს დილით, 29 მარტს, ორი აფეთქება მოხდა. პირველი აფეთქება მეტროსადგურ "ლუბიანკაზე" 07:56 საათზე, მეორე კი "პარკ კულტურიში" 08:39 საათზე დაფიქსირდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავები უკვე რამდენიმე ვერსიას ამუშავებენ. მოსკოვის პროკურორის იური სიომინის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ აფეთქებები თვითმკვლელი ტერორისტების მიერ განხორციელებულიყო.
დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ყოველ წუთს იცვლება. ამ დროისთვის 40-მდე გარდაცვლილის შესახებ საუბრობენ, რომელთა შორის არიან როგორც მეტროს მატარებელში, ისე სადგურის პლატფორმაზე მყოფი მოქალაქეებიც.
გარდაცვლილების გარდა არიან დაშავებულებიც. ამ დროისთვის მოსკოვის სხვადასხვა საავადმყოფოში 60-ზე მეტი მოქალაქეა გადაყვანილი. აღსანიშნავია, რომ მათი სამედიცინო დაწესებულებებში ტრანსპორტირება ვერტმფრენებით ხორციელდებოდა, რადგან რუსეთის დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში გზები პარალიზებული იყო.
აღსანიშნავია, რომ მომხდარ აფეთქებებთან და გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებისგან ინფორმაცია უკვე მოისმინა რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა.
მასალის გამოყენების პირობები